გამოიცა სამეცნიერო პერიოდული გამოცემის – Oriens Christianus 107-ე ტომი (2024 წელი), გამომცემელი – ფილოლოგიურ და იურიდიულ მეცნიერებათა პროფესორი ჰუბერტ კაუფჰოლდი. ამ სამეცნიერო კრებულში სისტემატურად ქვეყნდება სტატიები სირიული, კოპტური, ქრისტიანული არაბული, ქართული და სომხური ლიტერატურისა და ისტორიის მნიშვნელოვან საკითხებზე.
აღსანიშნავია, რომ ამ ტომში დაბეჭდილია ჰუბერტ კაუფჰოლდის რეცენზიები საქართველოსა და უცხოეთში გამოცემულ იმ ნაშრომებზე, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და კულტურას ეხება და ასევე ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბოლოდროინდელი გამოცემების მოკლე მიმოხილვაა.
ერთი რეცენზია ეძღვნება თამარ ოთხმეზურის რედაქტორობით გამოქვეყნებულ წიგნს: Medieval Georgian Literary Culture and Book Production in the Christian Middle East and Byzantium, რომელიც 2022 წელს გამოიცა ინგლისურ ენაზე მიუნსტერში.
მეორე რეცენზია ეხება ივირონის მონასტრის ქართული ხელნაწერების კატალოგს, რომელიც 2022 წელს არის გამოცემული. ამ კატალოგის შემდგენლები არიან: იოსტ გიპერტი, ბერნარ უტიე და სერგეი კიმი (ხელნაწერთა ცენტრის თანამშრომლების: ქეთევან ასათიანის, მანანა დოლაქიძისა და სხვების მონაწილეობით).
ცალკეა წარმოდგენილი მოკლე ინფორმაციები კორნელი კეკელიძის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ახალი გამოცემების შესახებ; ესენია: Scientia Scholarity Journal – სამეცნიერო ჟურნალი, ტ.2, 2021; ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ, შეადგინეს მაია კარანაძემ, ვლადიმერ კეკელიამ, ლელა შათირიშვილმა და ნესტან ჩხიკვაძემ; რედაქტორი - ნესტან ჩხიკვაძე, 2023; დარეჯან კლდიაშვილი, მიწისძვრები ძველ საქართველოში, ქართული საისტორიო წყაროები IV-XVII სს, 2023; ი. დოლიძე, ქართული სამართლის ძეგლები, რვატომეულის დანართი, საკნონმდებლო ძეგლები, 2023; ლევილის ქართული პანთეონი (პოლიტიკურ მოღვაწეთა საფლავები) – ოთარ ჯაფარიძის მიერ შედგენილი ფოტოალბომი, 2023; ტბეთის ოთხთავი (995 წ.), 2023. ამ ნაშრომთა შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის მიხედვით მკითხველი იგებს, რა თემას ეხება და რა სიახლეს შეიცავს თითოეული მათგანი.